
საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რეგიონში უსაფრთხოებისთვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოგვარებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სომხეთში ვიზიტი შეაფასა.
მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის განვითარება ხელისუფლების საგანგებო ინტერესის სფეროს წარმოადგენს.
„ზოგადად, მნიშვნელობა აქვს იმ სიმბოლიზმს, რომელიც ამ ვიზიტს თან ახლავს. ახლად არჩეული პრეზიდენტი ჩავიდა ბაქოში, ჩამოვიდა ერევანში, დელეგაციასთან ერთად გარკვეულ საკითზებზე საუბარია, მათ შორის საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ რეგიონში უსაფრთხოებისათვის იზრუნოს, როგორც ნეიტრალურმა მოთამაშემ, როგორც ქვეყანამ, რომელიც დაინტერესებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემების მოგვარებით, ურთიერთობების მოგვარებით.
ვფიქრობ, ერთი მხარეც და მეორე მხარეც გამოხატავს ამ დამოკიდებულებას, იგივე დამოკიდებულებას რომელიც სულ ახლახანს თბილისში ყოფნის დროს საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა დააფიქსირეს ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა სიმბოლოს წარმოადგენს ჩვენი ამ დამოკიდებულების. სამეზობლოში ურთიერთობების განვითარება, მით უმეტეს სტრატეგიულ პარტნიორთან, არის ჩვენი საგანგებო ინტერესის სფერო“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდება.