“საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული” – ოლივერ ვარჰეი

138
spot_img

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

ამის შესახებ მან სტოკჰოლმში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის სახალხო დამცველის არჩევა გამჭვირვალე პროცესის საშუალებით.

„რაც შეეხება საქართველოს, რომლის შემთხვევაშიც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა, ივნისში წარმოდგენილ მოსაზრებაში ჩვენ ვხედავთ, რომ 3 მათგანი არის შესრულებული: პირველი, ეს არის გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე არის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე არის სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით“, – განაცხადა ვარჰეიმ.

ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართლებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს – მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა ვარჰეიმ.