საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მოიპოვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
„პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა, რათა გვესაუბრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე, განსაკუთრებით, დღევანდელ ტურბულენტურ უსაფრთხოების სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ომია, რაც ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისი პრობლემა რუსეთთან მიმდინარე ოკუპაციის გამო. შესაბამისად, მადლიერი ვარ ამ შეხვედრისთვის. ასევე, მსურს მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმის, როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან, ყველა განზომილებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.