Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯისთვის“ საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
„კომპანია „აჭარ ენერჯი“ წარმოადგენს Exim Holding-ის შვილობილ კომპანიას. Exim ჯგუფი თურქეთის ენერგეტიკულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაც თურქეთში 800 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე აქვს. კომპანია საქართველოში წარმატებით ოპერირებს, ბოლო წლებში 2 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, 2 ჰიდროელექტროსადგური, რომელშიც 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მათთვის საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, დაახლოებით, 360 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად იწყებს 460 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს და კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 2025 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნას შევძლებთ და შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ 360 მგვტ-ის სიმძლავრის ახალ პროექტებს გავხსნით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.