საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც ევროკავშირისთვისაც სასარგებლო იქნება -პიტერ სიიარტო

24
spot_img

საქართველოს ეკონომიკამ ბოლო წლებში უზარმაზარი ზრდა განიცადა, რაც შესაძლოა ევროკავშირსაც გამოადგეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მის ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე ასევე მინდა განვაცხადო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ უზარმაზარი ზრდა განიცადა. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ასეთი სწრაფი განვითარება ევროკავშირისთვის სერიოზულ წარმატებას უზრუნველყოფს. ევროკავშირი უკანასკნელ პერიოდში, სამწუხაროდ, მნიშვნელოვან უკუსვლას განიცდის, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ფუნდამენტური ეკონომიკური ინტერესი არსებობს“, – განაცხადა მან.

სიიარტომ ასევე საქართველოს ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა. „უნგრეთი განაგრძობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას. მე ასევე დავარწმუნე ბატონი მინისტრი რომ ევროკავშირში ჩვენი თავმჯდომარეობის დროს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, – განაცხადა სიიარტომ.