საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო

84
spot_img

კონსტანცადან ფოთის მიმართულებით 27 ივნისს E60 Shipping Line-ის მიერ პირველი რეისის განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია E60 Shipping Line ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც იქნება პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა რუმინეთსა და საქართველოს შორის.

ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და, ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის და არის საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ ექვსი საათი დასჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი მხოლოდ 42 საათს დაიკავებს, რა დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით. 190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის – E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან. ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი უმოკლესი გზაა კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის. E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები“, – ნათქვამია კომპანია E60 Shipping Line-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.