საქართველოს ავიაბაზარზე ბერძნული ავიაკომპანია SKY express-ი შემოვიდა

28
spot_img

ახალი ჩანაწერის დამატება

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს. ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

,,საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეემატა. SKY express ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან ერთობლივად მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია, რომ საერთო ძალებით შევძელით და ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ ქართულ ავიაბაზარზე. რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლას და კიდევ უფრო გაზრდის  ჩვენს პროგნოზებს მგზავრთნაკადთან დაკავშირებით. მინდა ავიაკომპანიას  წარმატება, ბევრი მგზავრი და უსაფრთხო ფრენები ვუსურვო,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებით საბერძნეთის მიმართულებით და პირიქით, 186,782 მგზავრმა ისარგებლა.