
მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოსვლაზე, ჯამში, 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი.
„რაც შეეხება საფრანგეთს და პოლონეთს, ყველაფერი დევს ხელისგულზე. მარტო სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთი ქვეყნის შემთხვევაში მხოლოდ ცხრა მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და მეორე შემთხვევაში – 100 000-დან მხოლოდ 16 მოქალაქეს. ჯამში, 100 000-დან მხოლოდ 25 ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. პირიქით, სტატისტიკა რომ ავიღოთ, მე მგონი, ათასზე მეტია ეს მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში. მართალია, მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე. ხშირად საერთოდ არ ხდება ხოლმე არავითარი მიზეზის განმარტება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას რაც შეეხება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.
„რადიკალური ოპოზიციის აქციებში უცხო ქვეყნბის მოქალაქეების მონაწილეობას რაც შეეხება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერ გეტყვით, ეს არის თუ არა ვინმეს ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ორგანოები. თავისთავად ის ფაქტი, რომ 16 და 9 არის სტატისტიკა, იმის დასტურია, რომ არავითარი განსაკუთრებული საფუძველი არ არის. უცხოელები როდესაც მონაწილეობენ რადიკალური ოპოზიციის აქციებში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, უნდა აიმაღლოს ხმა შესაბამისმა საელჩომ. მათ უნდა მოუწოდონ საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უცხო ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევისაგან. ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპირო განცხადებებს, როდესაც ისინი ახალისებენ საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობას უცხო ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის აქციებში, სუვერენიტეტში ჩარევას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და, პირველ რიგში, ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა. ამაზე შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტებები ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.