საქართველოს არცერთი წამით არ გადაუხვევია ევროკავშირის გზიდან. „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ახლა მშვიდად ვართ. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი ეკონომიკური ზრდა შეუწყვეტელია, არ გაჩერებულა. აბსოლუტურად ევროკავშირისკენ მივდივართ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში განაცხადა.
პაპაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს ევროკავშირისკენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიჰყავს და ეს ყველგან დავაფიქსირე. პრემიერის და ბიზნესმენების შეხვედრაზე ვინმემ თქვა, რომ არ მიჰყავს ევროკავშირისკენ? მსგავსი არავის უთქვამს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაცია და სხვა პლუსები ვინ მოგვიტანა, მე არ ჩამოვთვლი. უნდა შერიგდნენ ქართველები, ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, თავისი ამომრჩევლები დააფასონ. ხალხი სანთლებს აუნთებს მათ, ვინც დააწყნარებს იმას, რაც გარეთ ხდება. შეუძლებელია, რაც გარეთ ხდება“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.
კითხვაზე, „ევროკავშირის ლიდერები, რომლებმაც კარი უნდა გაგვიღონ, რატომ ამბობენ, რომ გადაუხვიეთ ევროკავშირის გზიდან“, პაპაშვილმა აღნიშნა: „ყველანი წამსვლელი ლიდერები არიან: შოლცი, მაკრონი…“.
კიდევ ერთ კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს, რას გააკეთებს ტრამპი, პაპაშვილმა განაცხადა:
„რატომ ასწრებთ მოვლენებს? არავინ იცის, ტრამპი რას იზამს, მაგრამ რასაც საუბრობს, აბსოლუტურად ემთხვევა იმას, რა გზასაც ჩვენ ვადგავართ – ოჯახის სიმტკიცე და მართლმადიდებლობა“.