“საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს” – ჯოზეფ ბორელი

76
spot_img

საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.

ჯოზეფ ბორემა ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში ყოფნისას ის საქართველოს პროგრესს განიხილავს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

“ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაზეც თავიდან ვისაუბრე. საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს”, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში განიხილავს პუტინის აგრესიული ომის შედეგებს უკრაინაში.

„ასევე, გეოპოლიტიკური კუთხით, ჩემს თანამოსაუბრეებთან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის უარყოფით შედეგებს განვიხილავ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის ნათელ მხარდაჭერას გავიმეორებ”, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც.

„საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე ჩვენს ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულა დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო”, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელი თბილისში დღეს ჩამოვიდა.