2023 წლის პირველი კვარტლის სავაჭრო ბრუნვის მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და უკრაინას შორის ვაჭრობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც შეუფერხა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 84.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, 129.8 მლნ აშშ დოლარს, 35.1%-ით ჩამორჩება. თუ გასული წლების პირველი კვარტლის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ეს, მინიმუმ, 2009 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
სავაჭრო ბრუნვიდან იმპორტის მოცულობა 61.6 მლნ აშშ დოლარი იყო, ექსპორტისა კი 22.6 მლნ აშშ დოლარი.
უკრაინიდან 3 უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო ($15.1 მლნ), მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($12.5 მლნ), ელექტროტექნიკური მანქანა-მოწყობილობები და მათი ნაწილებია ($5.8 მლნ).
რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდანაც შავი ზღვით მოსაზღვრე ქვეყანაში ყველაზე დიდი ოდენობით კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო ($10.1 მლნ), მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($3.4 მლნ), ასევე მცენარეული წარმოშობის პროდუქტები გადის ($2.9 მლნ).
თუ სრულ წლიურ მონაცემებს გადავხედავთ, 2022 წელს უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვამ 518.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე, 579.3 მლნ აშშ დოლარზე, 10.6%-ით ნაკლებია. აქედან იმპორტმა 296 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ექსპორტმა 232.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნდა ითქვას, რომ 2009 წლის შემდეგ ორი ქვეყნის ვაჭრობა ამაზე დაბალი მხოლოდ 2015-2016 წლებში იყო.
უმსხვილესი საიმპორტო ჯგუფი წლიურადაც კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქოა ($77.6 მლნ), ასევე არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმი ($37.5 მლნ), მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($36 მლნ).
უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფებში კი მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები ($121.4 მლნ), კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო ($48.7 მლნ) და მინერალური პროდუქტები შედის ($14.9 მლნ).