ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტეს განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული საშინელი აგრესია გავლენას ახდენს მთელს რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე და მოლდოვაზე. რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს“, – ამბობს მარკ რუტე. მედიის კითხვას – რა იქნება შეხვედრაზე მისი მთავარი გზავნილი, ნიდერლანდების პრემიერი ასე პასუხობს: „ცხადია, ყველა საკითხზე ერთ მოსაზრებაზე არ ვართ, მაგრამ მთლიანობაში რაც შეეხება საქართველოს ევროპულს ორიენტაციას, ფაქტია, რომ საქართველო მუშაობს წინსვლისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკომისიაზეა დამოკიდებული რეკომენდაციის გაცემა. ცხადია, ამ თემებს განვიხილავთ“. მარკ რუტემ ასევე უპასუხა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. „მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ყოველთვის ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის გასცემს რეკომენდაციას, თუ რა შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას. გასული წლის ივნისში მივიღეთ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოლდოვასა და უკრაინისთვის, მაგრამ გვქონდა საქართველოზე სიღრმისეული განხილვა. საქართველომ იცის, რომ ჩვენ მივყვებით პროცესს და დიდი იმედი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გადასვლის“, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.