საქართველო იმსახურებს, პროფესიონალმა არასამთავრობოებმა კრიტიკულად შეაფასონ ყველა სფერო, მაგრამ კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ვითარების გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას-გია ვოლსკი

10
spot_img

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა უნდა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო, თუმცა კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს ვითარების გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას.

ვოლსკის თქმით, საზოგადოებას სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედ ზედამხედველის როლს შეასრულებენ.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს გარკვეულწილად „აუთსორსია“, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის, რადგან სწორი დასკვნები გააკეთოს კორუფციის საკითხებთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხება. ამაში არაფერი უცხო არ არის. უცხოეთში ყველა არასამათავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს, მთავრობებისგანაა დაფინანსებული. საქართველო იმსახურებს, რომ პროფესიონალმა არასამთავრობოებმა, ექსპერტებმა შეაფასონ კრიტიკულად ყველა სფერო – კორუფციიდან დაწყებული, განათლების თემებით დამთავრებული, საპარლამენტო, სამთავრობო საქმიანობა, მაგრამ ეს კრიტიკა უნდა ემსახურებოდეს მდგომარეობის გამოსწორებას და არა რევოლუციის მოწყობას. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ ბნელა. მედია არ არის დამორჩილებული. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გახსნას ნებისმიერი მედია და გაანალიზოს, კრიტიკულად შეაფასოს საქართველოში ნებისმიერი პროცესი. საზოგადოებაც არ არის ის საზოგადოება, რომელსაც ადვილად მოატყუებ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა სწორედაც კრიტიკული უნდა იყოს და შენ კრიტიკულს ქირაობ, რათა სწორი გზა მიგითითოს, დაგეხმაროს და სახელმწიფო სტრუქტურების ხარისხიანობაზე ხარისხიანად იმსჯელოს, არა რევოლუცია მოაწყოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს და მსოფლიო გახვეულია ცეცხლის ალში. ამ ინიციატივაში ყველა არასამთავრობოზეა საუბარი, დარეგისტრირდება თუ არ დარეგისტრირდება. წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და შემდეგ უნდა გაიზარდოს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება შეკითხვას ოპოზიციის განცხადებებზე, რომ მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ინიციატივით არასამთავრობოების მოსყიდვას ცდილობს, ვოლსკის განმარტებით, საქართველო, მისი ხელისუფლება და საზოგადოება ასეთ შეფასებას, ამგვარ საფრთხეებზე საუბარს არ იმსახურებს.

„ჩვენი საზოგადოება საკმაოდ განვითარებულია და არცერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებას არ ჩამორჩება არც ინტელექტით, არც ცოდნით და თუნდაც კრიტიკულობით. დააშავებ, აღარ აგირჩევს და ეგ იქნება, რეალობა ესაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდება საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.