თურქეთი და საქართველო არ არიან მხოლოდ მეზობელი ქვეყნები. ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა იმ თემებზე ისაუბრა, რომელიც მიხელ ყაველაშვილთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს.
მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება.
“ჩვენ ვართ ორი ქვეყანა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეა, რომელიც არის ხერხემალი შუა კორიდორის და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს. საქართველო გახლავთ სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავისი ისტორიული სამშობლოდან 1944 წლის ნოემბერში.
ჩვენს დისკუსიებში, რომელიც ეფუძნება ეკონომიკურ და კულტურულ-ისტორიულ კავშირებს, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას, გავაღრმაოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. ჩვენ კიდევ უფრო განვაგრძობთ წინსვლას, განვითარებას ჩვენი ვაჭრობის, ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენს ურთიერთობას მყარი საფუძველი აქვს. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – 3 მლრდ დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორიც არის 5 მლრდ დოლარი და აგრეთვე, რომ გვქონდეს მეტი ურთიერთ ინვესტიცია.
იმ კარგი, გულთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში – ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში, თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით, გარდა ამისა, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული, გარდა ამისა, ჩემს კოლეგასთან ვისაუბრე ერთობლივ პროექტებზე. თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ურთიერთობა და თანამშრომლობა სამხედრო-თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისაა – ეს არის ჩვენი დღის წესრიგის საკითხები.
ჩვენ აგრეთვე გავცვალეთ აზრები იმ მოვლენებზე, რაც ხდება ჩვენს რეგიონში და საერთოდ, მსოფლიოში. მსურს, ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და ხაზი გავუსვა მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ წვლილი შეგვაქვს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამყარების საქმეში.
შავ ზღვაზე, უსაფრთხოებაზე კავკასიაში და აგრეთვე, ომზე უკრაინაში, ადამიანურ ტრაგედიაზე ღაზაში, ამ საკითხებზე ვისაუბრე პრეზიდენტ ყაველაშვილთან და საქართველო და თურქეთი ვითანამშრომლებთ ერთად მშვიდობისა და განვითარებისათვის ჩვენს რეგიონში და რეგიონს მიღმაც.
მე აგრეთვე, გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს.
საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.