დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით] და სრულად ვეთანხმები იმ პათოსს, რომელიც მან გააჟღერა. ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა იმის საჭიროება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ეს სამართლებრივი რეგულაციები“, – განაცხადა დარჩიაშვილმ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის.
„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის და არა მიკერძოებული დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ინტერესს, რომ ღიად და გულწრფელად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს“,- აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მზად არის, მოისმინოს არგუმენტები.
„ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთსტრატეგიული ინტერესების პოლიტიკას უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის,“ – განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.