საერთო ევროპულმა ტელეარხმა „ევრონიუსმა“ (Euronews), რომლის მთავარი ოფისი საფრანგეთში, ლიონში მდებარეობს და გადაცემებს მსოფლიოს მრავალ ენაზე აწარმოებს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „საქართველო: აჭარა – ბუნების საგანძური, ტრადიციები და თანამედროვეობა“ (ავტორი – ნაომი ლოიდი). პუბლიკაცია მომზადებულია იუნესკოს პროგრამის ფარგლებში.
გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას შემოკლებით.
„აჭარა საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონია, რომელიც ისტორიულად ევროპული და აზიური ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილს წარმოადგენს. გარდა ამისა, აჭარაში ისეთი უიშვიათესი ბუნებრივი ლანდშაფტებია შემორჩენილი, რომ მათ იუნესკო იცავს.
აჭარის ბუნება ზღაპრულად მდიდარია. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით აქ ბამბუკისა და ციტრუსების ხეები ხარობენ. ბუნებრივი მცენარეულობა რეგიონის მთავარი ქალაქის – ბათუმის მიღმა იწყება: მთებში ადამიანისაგან ხელუხლებელი ტყეებია, რომლებსაც აჭარის ტერიტორიის თითქმის 60% აქვთ დაკავებული.
მეცნიერთა თქმით, აჭარის ტყეების ასაკი 20 მილიონი წლით განისაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც კოლხური ტყე არსებობს. რეგიონში ოთხი ეროვნული პარკია შექმნილი, რომელთაგან ერთ-ერთს სახელად „მტირალა“ ჰქვია, უხვი ატმოსფერული ნალექის გამო. „მტირალას“ პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
მაიკლ ჰარფორტი – სატყეო მეურნეობის ბრიტანელი ექსპერტი – საქართველოში უკვე 20 წელია მუშაობს:
„აქაურმა ტყეებმა გამყინვარების პერიოდი გადაიტანეს, – განმარტავს იგი, – მაშინ როცა ევროპის ტერიტორია მრავალმეტრიანი ყინულისა და თოვლის ფენით იყო დაფარული და ყველა ველური მცენარეულობა განადგურდა, მათ შორის ტყეებიც, კავკასიაში, საქართველოში რბილი კლიმატი შენარჩუნდა და ყველაფერი გადარჩა. აქ არის ისეთი ენდემური ჯიშები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე სხვაგან არსად არ გვხვდება“.
მაიკლ ჰარფორტი ამბობს, რომ მას საქართველოს ბუნება ძალიან მოსწონს და მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად მიაჩნია. „იგი აღფრთოვანებულია აგრეთვე სეზონური გემრიელი ხილით, ქართული სტუმართმოყვარეობით და ტრადიციებით“, – წერს ავტორი.
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართული სუფრისა და ღვინის მომზადების ისტორიულ ტრადიციებს, სიმღერებს და ქართულ სამზარეულოს. „ჩვენ მიგვიწვიეს სუფრაზე, რომელიც ქართულ ტრადიციულ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენს. სუფრა საათობით გრძელდება, რომელსაც თან ახლავს თამადის ფილოსოფიურ-პოეტური სადღეგრძელოები და მრავალხმიანი (პოლიფონიური) სიმღერები. სხვათა შორის, რამდენიმე ქართული სიმღერა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“, – ნათქვამია სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინო თავისი არსებობის 8 ათას წელს ითვლის, ხოლო აჭარული კერძები ქართული სამზარეულოს მარგალიტებს წარმოადგენენ (მაგალითად, საკმაოდ ფართოდ არის დახასიათებული აჭარული ხაჭაპური).
„ბათუმი მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან შავი ზღვის სანაპიროზე ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრად გადაიქცა. მეოცე საუკუნეში ქალაქმა თანდათან მიიღო [საკურორტო-სამრეწველო] ქალაქის სახე, ხოლო 21-ე საუკუნეში, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, აქ თანამედროვე ფუტურისტული შენობები აიგო, გაფართოვდა ძველი ბულვარი, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
„ბათუმი სწრაფად ვითარდება – ბუნებასთან ჰარმონიულად. სწორედ ამიტომ ბევრ დამსვენებელს და ტურისტს იზიდავს“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი, – „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ამბიციური პროექტი, რომელსაც უახლოეს წლებში განვახორციელებთ – მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და პალმის სახიანი ხელოვნური კუნძულის შექმნა“.
მართალია, ბათუმში სუპერთანამედროვე ცათამბჯენები შენდება, მაგრამ სადაც კი ვიყავით, ყველგან და ყოველთვის გვაოცებდა მდიდარი კულტურა და ისტორიული ტრადიციები, რომლებიც დღემდე საიმედოდაა დაცული ქართველების მიერ“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.