საპრეზიდენტო არჩევნები კანონითაა გაწერილი. პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს კონკრეტულ დღეს, იანვრის პირველი ნახევრისთვის პროცედურები უკვე დასრულებული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს პარლამენტში 300 ხმოსანი აირჩევს.
„საპრეზიდენტო არჩევნების დაგეგმვა არის კანონით გაწერილი და სწორედ ამ კანონის მიხედვით მოხდება ყველაფერი. ეს არ არის ვიღაცის ნება-სურვილზე დამოკიდებული, ამიტომ პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ის დაადგენს საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ დღეს. ეს ჩატარდება პარლამენტში, 300 ხმოსანი ირჩევს პრეზიდენტს, ესენი არიან პარლამენტის სრული შემადგენლობა, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო ორგანოები სრული შემადგენლობით და დარჩენილი ადგილები გადანაწილდება პარტიების მიერ საკრებულოებში პროპორციული არჩევნების წესით მიღებული ხმების პროპორციულად.
პრეზიდენტის კანდიდატურის დასახელება შეუძლია 300 ხმოსნიდან 30-ს, ოღონდ მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარმოდგენა შეუძლია. კანდიდატმა პირველ ეტაპზე უნდა მიიღოს ხმების 2/3, ვერმიღების შემთხვევაში იქნება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება მისი არჩევა. ეს პროცედურები დაახლოებით იანვრის პირველი ნახევრისთვის უკვე დასრულებული იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.