საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა

10
spot_img

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია მიზნად ისახავს „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული მიმართულების დაგმობას და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერის დადასტურებას“.

რეზოლუცია ექვსმა ფრანგმა დეპუტატმა დაარეგისტრირა – კონსტანს ლე გრიპმა, ლორან მაზორიმ, ფრედერიკ პეტიმ, იზაბელ რაუხმა, ლილიანა ტანგიმ და ბენუა ბიტომ.

„ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში ევროპულმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს შეშფოთება: ევროპულმა საბჭომ ივნისში გასცა მოწოდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, დაგმო ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, მხოლოდ დაადასტურა ეს გაფრთხილებები. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ შექმნილი ორგანოა, საარჩევნო კამპანია სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით დაახასიათა, მედიაში მიკერძოებული გაშუქებით და ამომრჩევლებზე ზეწოლით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს საქართველოში დემოკრატიის გაუარესება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა.

დოკუმენტის თანახმად, ამ პოზიციას მხარი დაუჭირა „ვაიმარის სამკუთხედმა“, შემდეგ კი ევროპელებმა განაცხადეს, რომ რეპრესიული პოლიტიკა და დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვევდა ევროპული ურთიერთობების გაუარესებას, რაც პრაქტიკაშიც გამოიხატა დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაში.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე.

„ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საშინელ პირობებში რჩება პატიმრობაში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. რამდენიმე ოპოზიციონერი, მათ შორის ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, სადავო სამართალწარმოების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგება ეკისრებათ ან დაკავებულები არიან. ათობით მშვიდობიანი მომიტინგე, მათ შორის ბევრი სტუდენტი, უკანონოდ დააკავეს, მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მიმდინარე პროცესები ვერ განიხილება რეგიონული გეოპოლიტიკური კონტექსტისგან განცალკევებულად, რადგან მოსკოვი მზარდ იდეოლოგიურ და სტრატეგიულ ზეგავლენას ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია არხების მეშვეობით.

„ეს ზეგავლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს ბიძინა ივანიშვილის, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და პრორუსი ოლიგარქის როლში, რომლის ჩარევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო საქმეებში ევროპარლამენტმა მიიჩნია დემოკრატიული განვითარების მთავარ ბარიერად. პარალელურად, ხელისუფლება ახორციელებს ისტორიისა და ეროვნული რიტორიკის მანიპულირებას: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წელს დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგრესიისთვის და დაადასტურა „მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის, თვითნებური დაკავებისა და წამების აქტების“ ფაქტები, 2025 წლის სექტემბერში „ქართული ოცნების“ არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარმა საპარლამენტო კომიტეტმა კონფლიქტის წარმოშობაში დაადანაშაულა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაცია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიად იქცა, რითაც გაიმეორა კრემლის რიტორიკა და ოპოზიციის დელეგიტიმაცია მოახდინა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია 2025 წლის საპროტესტო აქციებზე.

„ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის 20 მომიტინგეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მათ შორის აქტივისტ საბა სხვიტარიძეს და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს. მრავალი ჩვენების თანახმად, ეს სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით იყო დატვირთული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, „აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულად მოქმედ პირებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ ინსტიტუტებს. საჯაროდ დგმოს გარე ჩარევა, კერძოდ, რუსული რეჟიმის მიერ საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული ზეგავლენა“.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, რომ ევროპელი პარტნიორებთან კოორდინაციით მხარი დაუჭიროს „მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მოხსენიებული პირების წინააღმდეგ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ. შეისწავლოს პირობები, რომლის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა ლეგიონის ორდენი და განიხილოს ამ ორდენის ჩამორთმევა, მისი ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ დაცულ ღირებულებებს. მოარგოს თავისი დახმარების მექანიზმები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.