
საფრანგეთი უკრაინას 195 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს, რომლის გადახდა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული პროცენტის გამოყენებით მოხდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, საფრანგეთი უკრაინას 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის AASM-ის საავიაციო ბომბებს მიაწვდის.
გარდა ამისა, საფრანგეთი დააჩქარებს AMX-10RC-ის ტიპის მსუბუქი ტანკების და VAB-ის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას, რომლებსაც ადრე საფრანგეთის ჯარები იყენებდნენ.
ქვეყანა ასევე გაზრდის სამხედრო ტექნიკის წარმოებას, როგორც უკრაინის, ასევე საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. სებასტიან ლეკორნუს თქმით, Dassault Aviation-ი, რომელიც 2024 წელს თვეში ორ ერთეულ Rafale-ის მოიერიშე თვითმფრინავებს აწარმოებდა, 2026 წელს წარმოებას 4-5 ერთეულამდე გაზრდის.
მათ ასევე სურთ, 2026 წლისთვის გააორმაგონ AASM-ის საავიაციო ბომბების წარმოება. ამასთან, 2025 წელს გაორმაგდება MBDA-ის (Akeron MP) ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება.