“საპენსიო ფონდი თაღლითური სქემაა” – სანდრო რაქვიაშვილი

106
spot_img

ხმაური რომ ატყდა, მერე გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ პირველი მოსმენით მიღებული, რომელიც საპენსიო პორტფელების არჩევის 2028 წლამდე ვადის გახანგრძლივებას ეხება – მთელი ამბავი ისაა, რომ თუ გაუვიდოდათ, იმ კანონს აღარ აამოქმედებდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, რომლის თანახმად, საპენსიო დანაზოგის ბენეფიციარებისთვის პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად საპენსიო ფონდი თაღლითური სქემაა და თუკი მას მოსახლეობა გააპროტესტებს, შესაძლებელია ფონდიდან საკუთარი თანხების ნაწილი მაინც დაიბრუნოს.

რაც შეეხება პორტფელების არჩევასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდში გამართულ ბრიფინგს, რაქვიაშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ გაიმართა ბრიფინგი მაშინ, როცა პირველი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი, რომლითაც პორტფელების არჩევის ვადად 2028 წელია განსაზღვრული. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, გეგმა იყო, ცვლილება, რომელიც პორტფელების არჩევის ვადის 2028 წლამდე გახანგრძლივებას ეხება, აღარ აემოქმედებინათ, თუმცა, ატეხილი ხმაურის გამო, ეს აღარ გამოუვიდათ.

„საპენსიო ფონდი არის ერთი დიდი თაღლითური სქემა, რომელიც გასაუქმებელია. იმის მთავარი ნიშანი, რომ ეს თაღლითური სქემაა, არის ის, რომ სავალდებულოა. ეს იმას ნიშნავს, მთავრობას, საპენსიო ფონდს იმედი არ აქვს, მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ ამ ფონდში ყოფნა მომგებიანია. ამიტომ იმის ნაცვლად, ადამიანს არჩევანი მისცეს, აიძულებს ფონდში ფულის შეტანას. მერე ეს ფული ან ბანკებშია, ან ისევ მთავრობაში ბრუნდება ვალის სახით, ახლა კიდევ უნდოდათ სხვადასხვა მიმართულებით დაეხარჯათ. საბოლოო ჯამში, ეს არის მოსახლეობის დაბეგვრის კიდევ ერთი ნაირსახეობა. ამის ნეგატიურ მხარეს შედეგის სახით გვიან დავინახავთ, იქამდე შეიძლება ათწლეული გავიდეს. ამიტომ პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია – ახლა ბეგრავ და პრობლემას შემდეგ მთავრობებს უტოვებ.

უბრალოდ, ახლა, რადგან მორიგი ნაბიჯი, რომ ეს ფული სწრაფად დაეხარჯათ გაუგებარი მიზნებისთვის, არ გამოუვიდათ და ხმაური ატყდა, გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ მიღებული (პირველი მოსმენით), რომლითაც 2028 წლამდე პორტფელების არჩევა გადავადდება, თუმცა, ამ კანონის არსებობის თაობაზე საპენსიო ფონდში იცოდნენ და გაუგებარია, რა ბრიფინგებს აწყობდნენ?!

ამ კანონპროექტზე როცა პირველი მოსმენისას ვსაუბრობდით, „ქართული ოცნება“ ხედავდა, რომ პოტენციურად ძალიან დამაზიანებელია საარჩევნოდ ასეთი ცვლილებები, ამიტომ გადაწყვიტეს 2028 წლამდე გადაევადებინათ. მიუხედავად იმისა, რომ საქმის კურსში იყო ყველა, საპენსიო ფონდმა გააკეთა ის, რაც გააკეთა. მთელი ამბავი მე მგონი, ის იყო, რომ თუ ამის გაკეთება ჩუმად გაუვიდოდათ, მაშინ იმ კანონს აღარ აამოქმედებდნენ, ჩუმად არ გამოუვიდათ ამის გაკეთება, ხმაური ატყდა და გაახსენდათ, რომ კანონი აქვთ მიღებული და თქვეს, არაფერი ხდება, 28 წლისთვის გადავადდებაო.

შესაბამისად, თუ მოსახლეობა აქტიური იქნება, თეორიულად შესაძლებელია ამ ფულის დაბრუნება. მთლიანის დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ფული დახარჯულია, მაგრამ მომავალში არ დაიბეგრება ხალხი და დაგროვებულის ნაწილს მაინც დაიბრუნებს,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.