სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და მოუწევს დათმობებზე წამოსვლა – ბერდია სიჭინავა

13
spot_img

ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს , – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბერდია სიჭინავამ ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციების თაობაზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, შედეგად „სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა“.

“სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესს, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, ვერ გააჩერებს ვერავინ, რაც არ უნდა უმტკიცონ ამ ადამიანებმა ერთმანეთს, რომ სანქციები ამათ ვერაფერს დააკლებს და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, ეს ასე არ იქნება ნამდვილად. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა და იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც ვიღაცის კეთილ ნება-სურვილზე იყვნენ დამოკიდებულები და ვიღაცის შეპირებაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ასე არ მოხდება.

ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინირებულ მუშაობას ვხედავთ სახეზე. რა თქმა უნდა, სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და მას მოუწევს დათმობებზე წამოსვლა საკუთარ მოსახლეობასთან, ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის.

ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.

მე არ მახსენდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტის ასეთი მასშტაბი, რომელიც გაშლილია მთელს ქვეყანაში, მათ შორის, გეოგრაფიულად, ისევე, როგორც პროფესიულობის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს პროტესტი მოდებული არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არ დგას სცენა – ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა ზუსტად იციან, რისთვის მოდიან აქ, ზუსტად იციან, რა ფასეულობებს, იდეალებსა და ღირსებებს ემსახურებიან და არ სჭირდება არავის დაძახება. მათი პირველი ამოცანაა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს დაცული”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.