სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
ვედანტ პატელმა აღნიშნულის შესახებ აშშ-ის მიერ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში.
„დასაწყისიდანვე ამერიკელი ხალხი, სოლიდარობის ნიშნად, გვერდში ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, იყოს სრულიად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. კონკრეტულად იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ გამოვაცხადეთ, სანდო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. ამ კორუფციამ ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას საქართველოში და ძირი გამოუთხარა დემოკრატიულ პროცესებს. მან დააზიანა საზოგადოების ნდობა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი და ოფიციალური პირებისადმი. როგორც მანამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან არის მოპოვებული, მათ შორის ღია წყაროებიდან და ძალიან სანდო ინფორმაცია გვაქვს, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.