,, სანამ რუსეთს აქვს ძალა, ის ერთ გოჯ ქართულ მიწას არ დათმობს” – გიორგი თავდგირიძე

95
spot_img

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:

,,მთავრობები მიდიან და მოდიან, ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა კი უცვლელია. ამ იდეიისთვის, ქართველი ერი, 3000 წელია დაუღალავად იღწვის და იბრძვის. თუ ჩავუღრმავდებით, ყველაზე ძველი ზეეროვნული იდეა, რომლის მიმართ დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა, ქართული სახელმწიფოებრივობის იდეაა.
თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, ბევრი საინტერესო და საქართველოსთვის სასარგებლო ტენდეცია იკვეთება. გამოწვევები, რისკები და საფრთხეები ყოველთვის თან გვდევდა და არც დღევანდელობაა გამონაკლისი, მაგრამ გამოიკვეთა რამდენიმე შესაძლებლობა, რომელსაც შეიძლება ისტორიული შანსიც კი ვუწოდოთ და ეს ნამდვილად არ იქნება გაზვიადებული შეფასება.
ისტორიულად, ჩვენი ყველაზე დაუძინებელი მტერი, რუსეთის იმპერია, ჩვენ მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოებთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული და მისი დასუსტება-დაუძლურების პროცესი შეუქცევადია. იმპერიის არსებობისთვის საჭირო სამი პირობიდან, ის ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს: არ გააჩნია ლეგიტიმური საიმპერიო მისია, არ შეუძლია გაფართოებისთვის ( საიმპერიო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის) საჭირო ძალის ორგანიზება და ვერ ახერხებს მოქმედებისთვის საჭირო რესურსის მობილიზებას ან შეძენას.მეტიც, ჩნდება ნიშნები, რომ რღვევის პროცესი არა მომავალში, დამარცხების შემდეგ დაიწყოს, არამედ უახლოეს მომავალში. რამდენად დადებითი და გრანდიოზული მოვლენაა საქართველოსთვის „დიდი სისხლიანი რუსობის“ ეპოქის დასასრული, ამის ახსნა მე მგონი ზედმეტია.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმავე პროცესის გაგრძელებაა, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის სწრაფი მოგვარების შანსის გაჩენა. საქართველო ძალიან ახლოსაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობასთან. იმპერიები, დასუსტების პროცესის პარალელურად, ეტაპობრივად კარგავენ გავლენებს მათ მიერ საზღვრებს გარეთ შექმნილ საექსპანსიო პლაცდარმებზე. გავლენის დაკარგვის პროცესები ჯერ დუნედ იკრეფენ ძალებს და მერე მყისიერად ახალი რეალობა დგება. იყო ბერლინის კედელი, მყარად, მოვლილი, მავთულხლართიანი და სისხლიანი და ერთ დღეში ჩამოინგრა. იყო ბაზა ცხინვალში და ხვალ აღარ იქნება. იყო ეშერაში რუსული ლაბორატორია და ხვალ აღარ იქნება. ეს შეუქცევადი პროცესია, ასე ხდება ხოლმე, იმპერიას ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, ის გადარჩენისთვის იბრძვის და პირველ ეტაპზე იმის დათმობას დაიწყებს რაც ზედმეტი ტვირთია მისთვის. ჩვენ უკვე დღეს უნდა გვქონდეს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან დიალოგი დაწყებული, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მათ ეგიდის ქვეშ სამშვიდობო მისიის მოსამზადებლად. ეს ისტორიული შანსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და რეგიონების რეინტეგრაცია სამაგალითოდ უხარვეზოდ მოვახდინოდ. რეინტეგრაციის პროცესი დაახლოებით ასე უნდა განხორციელდეს: სამშვიდობო მისიის ორგანიზება და მშვიდობის შენარჩუნების ძალების განთავსება რეგიონებში, მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება, იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშემწყობი პროექტების მართვა, რაგიონების ჩართვა ეკონომიკურ პროცესებში, რეგიონების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, რეინტეგრაციის პროცესის დასრულება.
ამიტომ მგონია და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ამ კუთხით უნდა დავინახოთ და ამისთვის მოვემზადოთ. დიდი სიბეცეა, საზოგადოებაში იმ აზრის შემოგდება, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ოკუპირებული რეგიონების დათმობაზე გადის, სიბრიყვეა ამის პოლიტიკურ თემად ქცევის სურვილი. კიდე უფრო დიდი სიბრიყვეა, საქართველოს დეოკუპაცია რუსეთის კეთილ ნების გამოვლენად წარმოვაჩინოთ. სანამ რუსეთს აქვს ძალა, ის ერთ გოჯ ქართულ მიწას არ დათმობს, როცა ამის ძალა არ ექნება ( მალე ), სულერთი იქნება მისი ნება კეთილია თუ ბოროტი.
რომ შევაჯამოთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სულ უფრო რეალური ხდება. მაგრამ, მიზნის მისაღწევად საჭიროა რუსეთის მიმართ მტკიცე, პრინციპული და უკომპრომისო პოლიტიკის გატარება და რეგიონების რეინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერი მოპოვება.”