სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ლევან ჩაკვეტაძე არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პოზიცია ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ყოფილ დირექტორ ლევან ჩაკვეტაძეს ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთად მუშაობდნენ აღნიშნული რეფორმის განხორციელებაზე.
„შეგიძლიათ მას პირადად ჰკითხოთ პოზიციის შესახებ. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდა?! სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ის რაიმენაირად არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვისხედით, ვგეგმავდით და ვასრულებდით ამ წარმატებულ რეფორმას“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ მინისტრს დაახლოებით 2 თვის წინ აცნობა, თუმცა მინისტრმა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის რეფორმის გამო დარჩენა სთხოვა.
„სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ეტაპის დასრულებამდე დარჩა ხელმძღვანელის პოზიციაზე. საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა.
ლევანთან კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა. მისი გადაწყვეტილების თაობაზე თვე-ნახევრით ადრე მაცნობა, თუმცა იმის გათვალისწინებთ რომ მიმდინარე რეფორმა იყო დაგეგმილი, ჩემი თხოვნა იყო რეფორმის ამ ეტაპზე [დარჩენილიყო თანამდებობაზე].
ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა მივიღეთ ერთობლივად“,- აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ლევან ჩაკვეტაძე აღნიშნავს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.