სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება – ნიკა მელია

231
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მისი მისამართით ამავე პარტიის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მელიას თქმით, გია ბარამიძეს სამყაროსა და პოლიტიკის ლოგიკის გაგება დაეხშო.

„გია ბარამიძეზე.

ძალიან სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება, როგორ შეიძლება ხუნდებოდეს პრინციპები და იდეალები.

ჭაობის პრინციპი ისაა, რომ რაც მეტს იმოძრავებ უფრო ჩაეფლობი, პოლიტიკური კორუფციის ჭაობიც ზუსტად ასეთია;

ვუყურებთ გია ბარამიძეს და ვხედავთ ფაქტების დამახინჯებასა და ყველაფრის „გაპრავებას“ პარტიის ინტერესის სახელით.

უბრალოდ ვერ ვხვდები, როდის მერე გახდა გიასთვის ნორმა, ან რატომ ჰგონია რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ყველაფრის იაფფასიანი „გაპრავებით ახლა ერთობაა მნიშვნელოვანი“ და პუტინისტ ბერძენიძეებთან და ინჯიას მეგობარ გოროზიასთან ერთად, ან მეტ ნდობას დაიმსახურებს ან როდისმე რამეს მოიგებს.

ვუთხარი ერთხელ დამპალი და დაჭიანებული დროშის ტარი შეგრჩება ხელში მეთქი…

გაგახსენებთ რა და როგორ იყო სანამ გიას დამახინჯებულ მსჯელობაში გავყვები ამ პროპაგანდაში რომელსაც ყველაზე არაობიექტურ მხარდაჭერსაც ვერ დააჯერებ, იდეურზე ხომ აღარ ვლაპარაკობ.გოროზიასა და ფრიდონ ინჯიას შორის პოლიტიკური კორუფციის შესახებ მე 2021 წლის არჩევნების შემდეგ გავიგე, როცა მარტვილში კოალიცია შეუკრა ზაზა გოროზიამ ოცნებას.

კარგად გაიხსენეთ რა დრო იყო მაშინ, მიშა ჩამოსული და დაჭერილი… გაიხსენეთ რა ტურბულენციაში მომიხდა თავმჯდომარეობა, ჩემი დაჭერიდან დაწყებული, მიშას დაჭერით დამთავრებული…

ან ახლა რომ არის გია ბარამიძე პარტიის სამდივნოში რას აკეთებს? თანამდებობა იყოს და ყველაფერი მოსულა?

სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა? ყრილობაზე შირმად დადგა ადამიანი, ყველაფერი არჩევითი იყოსო იძახა, იმავე დარბაზში ძველი თანამებრძოლები გაუგდეს, დანიშნულ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს, თვალები დახუჭა და მიიღო…

მაგ პრინციპულობით, ადამიანს ან პოლიტიკაში რა გინდა ან ხელისუფლებაში, კომუნისტებიც მაგას იძახდნენ როცა მოგვიხმობს პარტიაო…

სამარცხვინოა, როგორ იქცა გია ყველაფერ იმად რასაც ებრძოდა, „მოქალაქეთა კავშირი“ რატომ დატოვა 20 წლის წინ, რომ 20 წლის შემდეგ იმავედ ქცეულიყო?

პოლიტიკური კორუფციის ჭაობად, პროგრესის მოწინააღმდეგეებად? როგორც სმკ-ს ჰყავდა აღორძინება „ოპოზიციად“ ეგ გინდათ გახდეთ ოცნებისთვის?! საოცნებო ოპოზიცია… ?! ამ ტემპით „ოცნებას“ კოალიციასაც შეუკრავთ და პარლამენტსაც გაუპრავებთ.

ოღონდ როგორც მაშინ გაირღვა სიახლითა და სიმართლით ისე გაირღვევა ახლაც.

ისტორიაა ციკლური, პერსონაჟები კი არა… ნუთუ გია ბარამიძეს სამყაროსა და პოლიტიკის ლოგიკის გაგება ასე დაეხშო?! პირატების გემივით მოდიხართ, შავი დროშით, ჩონჩხი რომ ახატია ზედ… პრინციპებზე საუბარს, პრინციპული ადამიანისგან მივიღებ“, – აცხადებს ნიკა მელია.