“სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო ვერც ვერაფერს დაადასტურებდა”-გიორგი ვაშაძე

240
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ვერც ვერაფერს დაადასტურებდა. ესაა დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.

ამასთან, ვაშაძის თქმით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოებას ნამდვილად მოუტანს ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა და ეს არის საქართველოს ინტერესი.

„ჩემს განცხადებაში საუბარი მქონდა თანამედროვე ტიპის შეიარაღების მოწოდებაზე და სპეციალური, ახალი თაობის სამხედრო თანამშრომლობაზე. სხვათაშორის, გუშინ თემურ იაკობაშვილმაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაადასტურა, რომ აქ იყო საუბარი პირველად წარმომადგენლობაზე, რომელიც ჩვენს ინტერესშია, რომ გადაითარგმნოს ამერიკის სამხედრო ბაზაში. მე ვთქვი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მინიშნებები იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიახ, მაგალითად, სამხრეთ კორეის უსაფრთხოების გარანტი არის ამერიკის სამხედრო ბაზა. იაპონიის უსაფრთხოების გარანტი, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, არის ამერიკის სამხედრო ბაზა. ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებამდე უსაფრთხოებას ნამდვილად მოგვიტანს ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა საქართველოში. ეს არის საქართველოს ინტერესი. ვსვამ კითხვას, რატომ გამოხტნენ და კობახიძემ, მდინარაძემ და კალაძემ ერთხმად დაიწყეს მტკიცება, თურმე არაფერი უსაფრთხოება არ მოაქვს ამერიკის სამხედრო ბაზას. 80 ქვეყანაა, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზაა და მათი უმრავლესობა ნატო-ს წევრი არაა, მაგრამ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სწორედ ამერიკასთან სპეციალური სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებებით. საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, რომ არასდროს გაბედოს რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა. ვის ინტერესში შედის, რომ ეს არ იყოს? რუსეთის ინტერესში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.