სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და ასევე, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 პირი იდენტიფიცირებულია.
„სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ მაშველების მიერ ამოყვანილ იქნა ორი გარდაცვლილის ცხედარი, რომელიც იდენტიფიცირების მიზნით, გადაყვანილ იქნა ექსპერტიზაზე . ამ დროისთვის 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, საიდანაც 28 იდენტიფიცირებულია და ველოდებით სამი გარდაცვლილი მოქალაქის იდენტიფიცირების პასუხებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში და ასევე, გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 100 კილომეტრის რადიუსზე“, – განაცხადა მარგველიძემ.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის აღდგენა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ აღდგენილია ორი ხიდი – ერთი კურორტ შოვის შესასვლელში, მეორე მდინარე რიონის გადასასვლელთან, გლოლის შემოსასვლელში. ასევე, ახალი გზა იქნა გაჭრილი კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ე.წ. კაცხის წყლის მიმართულებით, საიდანაც გადმოვიყვანეთ სტიქიის შედეგად დარჩენილი დაახლოებით 50-ზე მეტი მანქანა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, თავად გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზში, შენაკადებში მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების წმენდა და აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში და ასევე, ელექტროენერგია მომარაგება სტიქიიდან რამდენიმე დღეში იქნა აღდგენილი სოფელ გლოლის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძე.