სამდღიანი ზავი აბსურდია, პრეზიდენტ ტრამპს სურს უკრაინაში ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა -კიტ კელოგი

7
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის შეთავაზებული „სამდღიანი ზავი“ აბსურდია და დონალდ ტრამპს სურს ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა.

ამის შესახებ კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კელოგმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში უკრაინასთან დაკავშირებით იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე წინა ადმინისტრაციამ 1 200 დღის განმავლობაში.

კიტ კელოგმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში, ლონდონში უკრაინელებთან ძალიან გულწრფელი და ღია საუბარი შედგა, რა დროსაც ამერიკულმა მხარემ 22 პუნქტისგან შემდგარი კონკრეტული ნაბიჯების წინადადება წარადგინა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას ყველა მათგანი არ მოსწონს, თუმცა ეს ნორმალურია, რადგან მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

„სამდღიანი ზავი აბსურდია. ის, რაც პრეზიდენტს სურს, არის ცეცხლის მუდმივი, ყოვლისმომცველი შეწყვეტა – ზღვაზე, ხმელეთზე, ცაში და ინფრასტრუქტურაზე, სულ მცირე, 30 დღით და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ის გავაგრძელოთ“, – თქვა კელოგმა.

როგორც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ერთი მხარე დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას, ახლა საჭიროა რუსეთის თანხმობა.

„ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ ამასთან“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში უკრაინაში 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.