სალომე ზურაბიშვილმა ქართული მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა

9
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.

როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის, მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის ჯილდოვდებიან: ჯონი ბაკურიძე, სერგი ბარამიძე, ნუცა ბახუტაშვილი, დავით ბერაძე, დავით ბიჭიკაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ნიკა ბუჩაშვილი, მინდია გაბაძე, მარიამ გაფრინდაშვილი, რუსუდან დუმბაძე, აკაკი ზარქუა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, მალხაზ კანდელაკი, დავით კობიძე, ნიკოლოზ კოკაია, ანა ლომთაძე მდივანი, მარიამ მაკასარაშვილი, დეა მამისეიშვილი, მიხეილ მარტიაშვილი, მირიან მელაძე, გივი მჭედლიშვილი, მარიამ ნიკურაძე, გურამ როგავა, დავით ქაშიაშვილი, ნანა ქაჯაია, ალექსანდრე ქეშელაშვილი, გენადი ქვაჩახია, ბექა ყორშია, გიორგი შეწირული, მაკა ჩიხლაძე, ქეთევან ციცქიშვილი, პავლე ხაჩიძე, ირინა ყურუა, ბესარიონ გაფრინდაშვილი (რომელმაც მისვლა ვერ მოახერხა).

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ აჯილდოებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს მათი ეთიკის წესებიდან გამომდინარე.

„ვერ ვაჯილდოებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, რადგან მათი ეთიკის წესები ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დაჯილდოებამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედია არის ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ, რაც ხდება.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, რადგან ნამდვილად დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ხელში აიღეთ არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ თქვენს ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. ამისთვის თქვენც ჩაეწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ჩაეწერებით როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები. ადვილი არ არის, მიხვიდე იქ, სადაც არიან ეს მხეცები, დადგე მათ წინ და გაბედო, მათ კითხვებიც დაუსვა, გაზის გაშვების დროს მაინც იქ იდგე, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად.

მე არ ვიცი, თქვენ მაგივრად ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს ჩვენს საზღვრებს გარეთ და რაზეც ალბათ შურით გვიყურებენ. დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისთვის და რწმენისთვის, მომავლისთვის, ყველაფრისთვის. ეს თქვენ ხართ. თქვენ ხართ წინა რიგებში, თქვენთან ერთად იბრძვის მთელი ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება.

მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ თქვენ მადლობისთვის არაფერს აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ ბოლომდე გესმით, რას ნიშნავს პროფესიული ვალდებულება. ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ამ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ იმას, რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანებს, ვინც არ არიან დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, არ ეცოდინებოდათ, რა ხდება. თუნდაც პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელ ქალაქში, ან სხვადასხვა ქალაქში – არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა, თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.