სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმს სიტყვით მიმართა

7
spot_img

ქართველი ხალხის ყოველგვარი მოლოდინისა და ყველა მისწრაფების მიუხედავად, მმართველი პარტია იწყებს ქართველების უკან დახევას, რუსეთის ბატონობას და ქვეყნის მართვას რუსული მოდელით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მმართველი პარტია, რომელიც მოვიდა მთავრობაში, მხარს უჭერდა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, რადგან ის მოვიდა მმართველობაში პროევროპული პროგრამით, დემოკრატიული რეფორმების პროგრამით, უეცრად, გასული წლის 28 ნოემბერს იღებს გადაწყვეტილებას, რომ ზურგი აქციოს საკუთარ დაპირებებს. დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, ზურგი აქცია მისი ერის სურვილს, საქართველო შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ქართველი ხალხის ყოველგვარი მოლოდინისა და ყველა მისწრაფების მიუხედავად, იწყებს ქართველების უკან დახევას, რუსეთის ბატონობას და იწყებს ქვეყნის მართვას რუსული მოდელით. რუსული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო ისტორიის ნაწილი და ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ბრუნდება, რომ დაგვიპყროს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ჩვენ ვართ ერი რეპრესიებში. უდანაშაულო ადამიანები, ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და პოლიტიკური ლიდერები, მათ მიათრევენ პოლიციის განყოფილებებში და აკავებენ, შეთხზული ბრალდებებით. ვიდრე მე აქ ვსაუბრობ, მიმდინარეობს ერთ-ერთი ცნობილი მსახიობის სასამართლო, მაგრამ ბევრი არაცნობილი ადამიანიც არის ამ უწესრიგობის და რეპრესიების მსხვერპლი. ისინი შეიძლება, დაიჭირონ 11 წლით არაფრის გამო, მშვიდობიანი პროტესტისთვის. მთავრობა იმეორებს რუსულ ტაქტიკას, მან შეაიარაღა სასამართლო და პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. არის ძალიან ცნობილი საქმე – მზია ამაღლობელის, პატივცემული ჟურნალისტის, რომელიც დააკავეს საკუთარი საქმის კეთებისას, პროტესტის გაშუქებისას. მსახიობები და სტუდენტები, რომლებიც შეურთდნენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, ბრალდებულები არიან ჯგუფურ ძალადობაში. ცრუ ბრალდებები, რომელიც შედგენილია პოლიციის ოფიცრების ცრუ ჩვენებებით, არიან მთავრობის ზეწოლის ქვეშ. ისინი არ არიან კრიმინალები, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების და ჯერჯერობით დღევანდელ საქართველოში თუ გჯერა დემოკრატიის, საკმარისია, გისოსებს მიღმა აღმოჩნდე.

საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას, საკუთარი აზრის გამოთქმის გამო საჯაროდ ადანაშაულებენ ბორდის წევრები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, რომელიც პროკურატურის მიერ უნდა იქნას გამოძიებული. მოულოდნელად, 1937 წელი ძალიან ახლოს არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, რეპრესია არ არის უბრალოდ პოლიტიკური, ის ასევე არის ფინანსური და მიღებული იქნა ახალი ბრაკონიერული კანონები.

„მშვიდობიანი აქციების მონაწილეებს ჯარიმები მისდით, 5 ათასი ლარის ოდენობით, როცა მინიმალური ხელფასი არის 200 ლარი და საშუალო ხელფასი – 1 500 ლარი. რუსთაველის გამზირის ყოველ ჯერზე გადაკვეთისას შეიძლება, დაგაჯარიმონ, რაც ზოგიერთისთვის შეადგენს ხელფასის ხუთმაგ, ათმაგ ოდენობას. ეს არის განზრახ გაკეთებული, რათა ფინანსურად დააზიანონ აქტივისტები და მათი ოჯახები. გაყინეს მოსახლეობის მიერ შექმნილი სოლიდარობის ფონდები, რომლებიც მიმართულია ამ აქტივისტების მხარდასაჭერად. აქტიურად მიმდინაროებს ყველა აქტივისტისა და პოლიტიკურად აქტიური ადამიანების დაფინანსების წყაროების კონტროლი.

ოპოზიციის ლიდერები, აქტივისტები და თუნდაც რიგითი მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ახლა შეიძლება, დააპატიმრონ ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით. მათ შორის დღეს არის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც უკვე ემუქრებიან სისხლის სამართლებრივი დევნით, რადგანაც მას არ სურს, აღიაროს ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექნილი კომისია. არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ საერთაშორისო ფონდების დაფინანსებას, ემუქრებათ შეზღუდვები, ისევე როგორც რუსეთში და პუტინის ცნობილი „უცხოური აგენტების კანონი“, რომელიც უფრო გამკაცრდება კიდეც, ე.წ. ამერიკული მოდელის სახელით, არადა სინამდვილეში ამ კანონს არაფერი აქვს საერთო ამერიკულთან. ეს კანონი პრაქტიკულად ხურავს ყველა არხს შესაძლო უცხოური დაფინანსებისთვის და ეს ეხება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მცირე საწარმოებს და რეგიონულ ან ცენტრალურ მედიას. ისინი არიან მზარდი ზეწოლის ქვეშ, დამატებითი რეგულაციების გზით ისინი იზღუდებიან და კრიტიკული ინფორმაცია უფრო მეტად არის შეზღუდული. შიშის გავრცელება და მოქალაქეების დარწმუნება, რომ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ყველაფერი, გამოხატულია ასობით სათვალთავლო კამერით, რომლებიც დამონტაჟებულია ყველა ცენტრალურ ადგილას. ასევე გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი, რაც იძლევა დემონსტრაციების მონაწილეთა სახის ამოცნობის საშუალებას, იდენტიფიცირებას და მათ რეპრესიებს.

მმართველი პარტია, რომელიც სათავეში უდგას ამ უსასრულო რეპრესიებს, ამავდროულად, რეალურად არ მართავს ქვეყანას. არ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა, არც საგარეო პოლიტიკა, გარდა ხელის ჩამორთმევის მცდელობებისა, რაც კეთდება მოსახლეობისთვის საჩვენებლად, რომ ზოგიერთი მაინც აღიარებს მათ. არ არის პოზიტიური ზომები ან პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა უფრო ეფექტური, სტაბილური გახდეს, რომელიც შეძლებს, გადაჭრას სოციალური პრობლემები ან მოახდენს მოსალოდნელის ეკონომიკური, ფინანსური კრიზისის პრევენციას. რეპრესიები გახდა ამ მთავრობის ერთადერთი და ექსკლუზიური პოლიტიკა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.