საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა“.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!“
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს.
„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.