სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო, სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ არ შემოვლენ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არშემოსვლასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას არ ჩქარობენ.
„სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო (მარტო ლავროვი შემიძლია, ვაღიაროო). სცენარის მიხედვით, ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა, ვნახოთ, არ ჩქარობენ“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციებს აანონსებს.