მე სალომე ზურაბიშვილის ფსიქოემოციურ თუ ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ. მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი იმიტომ, რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან ემსგავსება, მათ მოქმედებებს. საბედნიეროდ, მსგავსი ძალაუფლება არ გააჩნიათ. მას ნებისმიერი რაღაც შეუძლია დაუძახოს საკუთარ თავს, ეს მისი ნებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტია.
მდინარაძის თქმით, მოდელირებული რეალობები საქართველოში დასრულებულია.
„საქართველოში არის სხვა რეალობა, მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში საბედნიეროდ დავამთავრეთ და ეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა გუნდმა 2012 წელს დაამთავრა. ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაღვინდა და მოდელირებული რეალობები საქართველოში საბედნიეროდ დასრულებულია. ამიტომ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც სხვა რიგითი „ნაცი“, ამ რეალობას ვერ შეცვლის.
სამი კვირაც კი ვერ მოითმინეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტში არ გაფორმებულიყო. იმ ორგანიზაციაში, სადაც მსხვერპლზე დარდობდნენ, რომ მიმდინარე აქციების დროს მსხვერპლი არ იყო. ხომ შეიძლებოდა ეთხოვა, რომ მაკკეინის ინსტიტუტში ნუ გამაფორმებთ, მოდით სხვა მხრიდან მომეცით რაღაც სტიპენდია, ხელფასი იმისათვის, რომ არ გაახსენდეთ ქართულ საზოგადოებაში მაკკეინის ინსტიტუტი, რომელიც სულ რაღაც ორი-სამი კვირის წინ, რას დარდობდა და რას ჯავრობდა, რომ მსხვერპლი არ იყო. მას უთხრეს, რომ შენ აქედან მიიღებ სტიპენდიას, აქ იქნები ანგარიშვალდებული და მან თქვა, რომ „დიახ, ვიქნები ანგარიშვალდებული” და გახდა მაკკეინის ინსტიტუტის რიგითი სტიპენდიატი”, – განაცხადა მდინარაძემ.