სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდის

15
spot_img

მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, პლატფორის წევრებმა გვერდზე უნდა გადადონ საკუთარი პოლიტიკური შეუთავსებლობები და ერთად იბრძოლონ.

„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობები და ბოლომდე გაიზიარონ პროტესტის ორივე მთავარი მიზანი – დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. ამ მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობის პლატფორმა თანხმდება, რომ შეაჯეროს პოლიტიკური პოზიციები, რათა კოორდინირებულად, ეფექტურად ამხილოს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს, წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმის მცდელობას, გაანადგუროს საქართველოს განვითარების ყველა პერსპექტივა და მისი ევროპული მომავალი. კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ეგიდით შეიკრიბებიან პლატფორმის მონაწილე სუბიექტები, შეაფასებენ პოლიტიკურ გამოწვევებს, შეაჯერებენ პოზიციებს და შესაძლო ქმედებებს. ამის შესახებ საზოგადოება სრულად და მყისიერად იქნება ინფორმირებული და მჭიდრო კომუნიკაცია დამყარდება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პროტესტის მონაწილე ჯგუფებთან, რათა ერთობლივი სტრატეგია იყოს მიღწეული. წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილე პარტიები თანხმდებიან არჩევნების ახალ პირობებზე და ხმების ერთიანად, ეფექტურად დაცვის მექანიზმის აუცილებლობაზე. მზადყოფნა არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, როდის დაინიშნება, ჩვენი მოვალეობაა. მმართველმა პარტიამ  ვერ უნდა შეძლოს და გაატაროს თავისი მორიგი სცენარი, მოულოდნელად დანიშნოს არჩევნები უცვლელი მოცემულობით და გაყალბების შესაძლებლობაც შეინარჩუნოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.