სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი – მაია ბითაძე

25
spot_img

სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს – მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოფნისგან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ჰქონდა.

“სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ეს ქალბატონი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს. საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. თუ მას უნდა, რომ მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს ის, რომ თუ მისი მხარდამჭერები იქნებიან აბსოლუტურად საფუძველმოკლებული, ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები, მას არანაირი გარანტია არ აქვს, ამ ქვეყნის პრეზიდენტობისა. მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით სალომე ზურაბიშვილის ყოფნისგან,” – განაცხადა ბითაძემ.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის დეპუტატმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიგონა.

“ინფორმაცია ბატონი ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურასთან დაკავშირებით არის ინფორმაცია, რომელიც მოიგონა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ,” – განაცხადა ბითაძემ.