სალომე ზურაბიშვილი მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით -შალვა პაპუაშვილი

89
spot_img

საქართველოს პარლამენტში იმპიჩმენტის დროს დამდგარმა შედეგმა აჩვენა, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ამიტომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მოკლებულია ლეგიტიმაციას, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს არათუ კითხვები არ აქვს, ქართველმა ხალხმა 2020 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რომელიც იყო ერთადერთი პარტია საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელსაც თავის საარჩევნო პროგრამაში ჰქონდა, რომ 2024 წლისთვის გაეკეთებინა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

„ჩვენ ვიყავით ერთადერთი პარტია, როდესაც სხვა პარტიებს ეს საქილიკოდ ჰქონდათ, რომ საქართველოს შეიძლებოდა ჰქონოდა ევროპული პერსპექტივა ასე ახლოს. ეს ის პარტიაა, რომელმაც კონსტიტუციაში ჩაწერა ეს გეგმა. სწორედ ჩვენი საარჩევნო დანაპირები იყო ამ განაცხადის გაკეთება, ეს განაცხადი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წინაც წავალთ და უკვე კანდიდატის სტატუსიც გვექნება მიმდინარე წელს. პრეზიდენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ამან კიდევ ერთხელ გვაჩვენა მისი საუბრების შინაარსი სხვადასხვა ვიზიტის დროს, ასეთ რაღაცებს თუ საუბრობს, დახურულ კარს მიღმა ალბათ კიდევ უფრო მეტს საუბრობს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ იყო აღიარება იმისა, რომ, გარდა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფორმალურად არღვევდა კონსტიტუციას, ის შინაარსობრივადაც ეწეოდა საქმიანობას, რომელიც მიმართულია 78-ე მუხლის წინააღმდეგ. „ჩვენი ამოცანა არ არის, დავარწმუნოთ სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ქართველი ხალხი. სწორედ ამ დარწმუნებით ქართველმა ხალხმა 2020 წელს მისცა ჩვენს საარჩევნო პროგრამას ხმა, რომლის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება და სწორედ ამ მთავარ საარჩევნო მიზანს ვასრულებთ ჩვენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.