სალომე ზურაბიშვილი გია ხუხაშვილს შეხვდა – დეტალები

295
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანის სასახლეში, სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ დამფუძნებელი გია ხუხაშვილი მიიღო.

პლატფორმის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ საუბარი, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ემიგრაციის საკითხს შეეხებოდა.

პრეზიდენტმა ყველა ამ თემაზე სტუმრის მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი პოზიციაც გააცნო.

გია ხუხაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე, იდეა „შინ მომავლისთვის“ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ქართველთა სოლიდარობის მსოფლიო ქსელის შექმნაზე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეებს გააერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტმა იდეას მხარდაჭერა აღუთქვა.

„შინ მომავლისთვის“ უკვე სამი თვეა მუშაობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციისა და ემიგრაციის პრობლემებზე. მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

იქმნება ქართული ემიგრაციის პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებული ქსელი, შესაბამისი დარგობრივი პანელებით. პლატფორმა მუშაობს ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველებთან, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა პროექტებზე, რაც ერთი მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორე მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

პლატფორმა ეხმარება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესში – სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციაში სთავაზობს რა სასწავლო კურსებს ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში. ასევე, სამართლებრივ დახმარებას უწევს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად.

უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის, ისტორიის და სამართლის შემსწავლელი სკოლა, სადაც სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები რამდენიმე თვეა, სრულიად უფასოდ სწავლობენ.

მიმდინარე პროექტების პარალელურად, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა სამედიცინო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში. დაგეგმილია ჯანდაცვის საკონსულტაციო ჰაბის შექმნა აშშ-ს და ევროპის წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩართულობით.

დაგეგმილია საგანმანათლებლო შერეული ბანაკების ფორმირება ემიგრანტთა შვილების და ადგილობრივი მოზარდების მონაწილეობით.

იდეას „შინ მომავლისთვის“ აქტიური მხარდამჭერები ჰყავს როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ დიასპორულ საზოგადოებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.