სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობას ასაჩივრებს.
მოპასუხე საქართველოს პარლამენტი იქნება. მმართველი გუნდი სარჩელს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ ამ კანონს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან კავშირი არ აქვს.
ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია ზურაბიშვილის და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები. მმართველი გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს. შესაბამისად, გამოდის, რომ ის ასევე აღიარებს საკუთარი იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზურაბიშვილს რომ ჰქონდეს მორალური სტანდარტი, ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.
ცნობილია, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიიღებს სახალხო დამცველის აპარატი, მაგრამ ჯერ უცნობია, რა ფორმით.