სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ – შალვა პაპუაშვილი

12
spot_img

სალომე ზურაბიშვილი და ზოგიერთი შიდა თუ გარე აქტორი ტყუილში ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისივე თქმით, მსგავსი ტყუილები ქვეყანამ 2020 წელსაც იხილა იმავე აქტორებისგან, ვინც ამას 2024-ში აკეთებს. მათ რიგებს უბრალოდ სალომე ზურაბიშვილიც დაემატათ.

„წლებია უკვე ვაკვირდებით, რომ მნიშვნელობა აქვს არა სიმართლეს, არამედ იმას, თუ რა უნდა, რომ წარმოიდგინოს ამა თუ იმ რადიკალურმა ჯგუფმა. ქალბატონი სალომე, ისევე, როგორც ზოგიერთი შიგნით თუ გარეთ, ამხილა ჯერ ეუთო/ოდირმა არჩევნების მეორე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სიტყვიერად გაცხადებული პოზიციით და მერე უკვე წერილობითი მომართვით საქართველოს პარლამენტისა და პრემიერისადმი, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა თავის დასკვნას, რომ არჩევნები შედგა, ის იყო კონკურენტული და რომ ქვეყანას ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ქალბატონი სალომე, ისევე, როგორც შიდა თუ გარე აქტორები ტყუილში ამხილა ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც წარმოებაში არ მიღო სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ, რომ ჩაეშალათ ეს არჩევნები. მათ შორის ვხედავთ მის გაწბილებას, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ეგონა, რომ ყველა პოზიციის გამზიარებლები იქნებოდნენ, იმ ერთმა მოსამართლემაც მხარი არ დაუჭირა მის სარჩელს. ყველაფერი ნათელია, მხილებულია ყველა ის ტყუილი, რომელზეც ჩვენ, როგორც 2020 წელს, ახლაც 2024 წელს დეჟავიუსავით ვიხილეთ იმავე აქტორების მხრიდან. მათ დაემატათ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, ტყუილის შინაარსი და ანატომია არ შეცვლილა, ისევე, როგორც მხილების ანატომია”,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი გადაირჩია იმ თანამდებობიდან, რომელიც მას უკავია.

„სალომე ზურაბიშვილი თავადაც იდგა ამ არჩევნებზე, მან საკუთარი თავი შემოიყვანა პოლიტიკაში. გუშინ ძალიან კარგი ციტატა წაუკითხა მას საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა და საკუთარივე სიტყვებით ამხილა მან იმ ღალატში, რაც მან ჩაიდინა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. შესაბამისად, ვის პრეზიდენტს არ აღიარებს, 1 200 000 ადამიანის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს? მან თავად დააყენა თავისი თავი ამ არჩევნებზე და 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი გადაირჩია იმ თანამდებობიდან, რომელიც მას უკავია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.