არ შეიძლება ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად, რადგან ღირსების „გაპროცენტებას“ მიჩვეულნი არიან, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „პოლიტმევახშეები ვაჭრობენ და ქვეყნის მართვის სადავეებზე ოცნებობენ“.
„ვინმეს ოდნავ მაინც თუ ეპარებოდა ეჭვი და რაღაც პაწია იმედი ჰქონდა გულში, რომ წლების მანძილზე ხალხის მძარცველი მევახშე პატრიოტ პოლიტიკოსად გადაიქცეოდა, ნახევარი საქართველო რომ გასულია ქვეყნიდან, რადგან მათი მევახშეობით დაქცეული ოჯახების განადგურების ავტორ-შემსრულებლები სწორედ ეს „მოგონილი ბიზნესმენები“ არიან (ბანკირის -საბანკო სისტემის მანტიით მოსილნი) სწორედ საბანკო სისტემის და ქვეყნის წინააღმდეგ „საბოტაჟნიკები“ და ვინმეს თუ კიდევ ოდნავ მაინც ეგონა, რომ თივისგან აგურის სახლი აშენდება, აი, ბატონო, სრული ლუსტრაცია ხომ მოხდა გუშინ „ტვ პირველზე“, ღია ეთერში (ცოტა წვლილი ამ ლუსტრაციაში მეც ხომ მიმიძღვის?). ჰოდა, ასეა, არ შეიძლება ბრძოლა ხალხის ცრემლებზე გამდიდრებულ მევახშეებთან ერთად, რადგან ღირსების „გაპროცენტებას“ მიჩვეულნი არიან.
ოკუპანტი კარზეა მომდგარი, 12 პუნქტი შესასრულებელი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ დროს პოლიტმევახშეები ვაჭრობენ და ქვეყნის მართვის სადავეებზე ოცნებობენ. იმ მოსახლეობის მართვაზე ოცნებობენ, იმ ადამიანების მართვაზე, რომლებიც ჯერ არ გაქცეულან ამ ქვეყნიდან „მათი წყალობით“, ჯერ კიდევ აქ ცხოვრობენ და ჯოჯოხეთად ქცეულ მევახშეთა ბანკებში დაგირავებულ ცხოვრებას ებრძვიან. ჩემი მეგობარი მეუბნება, ახლა ეს ახალგაზრდა „კამო“ ეთერში რომ იჯდა გუშინ, მისი ლიდერის, მევახშის ახალგაზრდობას მაგონებს ძლიერო. ხომ გაგიგონია, „ძაღლი პატრონს ჰგავსო“. ვინ ვის ჰგავს, არ ვიცი და „ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს“ ამ ქვეყანაში, ეგ ზუსტად ვიცი. „ლელო“ არ ვიცი და გუშინ ღია ეთერში საკუთარ კარში კი გაიტანა „გოლი“ პარტია „ლელოს“ წევრმა ბუაძემ, თან ისე გაიტანა საკუთარ კარში, ზუსტად ისე დარჩება ეს მისი „შეცდომა გოლი“, როგორც ფეხბურთში რჩება ხოლმე საკუთარ კარში გატანილი „გოლები“ მოთამაშის ლაქად. დიდ ფასად დაუჯდება „ახალგაზრდა კამოს“ მიერ „საკუთარ კარში“ დარტყმული გოლი მის ლიდერს, მევახშეს. ხალხი ბრძენია“, – წერს თაკო ჩარკვიანი.