“საკრებულოს შენობაზე განთავსებული აბრა 2010 წელს არ შეგიმჩნევიათ?” – გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას

135
spot_img

„ნარატივი გაქვთ ასეთი – 2008-ში, ომის შემდეგ თქვენთვის რუსეთი არ იყო პრობლემა, რუსი ტურისტი არ იყო პრობლემა, ვიზები გააუქმეთ და ახლა გახდა პრობლემა?“,- ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე განთავსებულ აბრაზე, სამენოვან წარწერათა შორის არსებული რუსულენოვანი წარწერის არსებობა გააპროტესტეს.

„შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის დროს ბევრი თქვენგანი მაღალ თანამდებობაზე არ იყო, შეიძლება პარტიაშიც არ იყავით, მაგრამ 2008 წლის შემდეგ დავიჯერო არ გაგივლიათ ამ შენობის წინ? მაშინ არ შეგიმჩნევიათ ეს წარწერა? პროტესტი არ გაგჩენიათ? დღეს რატომ აღელდით ასე, მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი? სად იყავით მაგალითად 2010 წელს მაინტერესებს? 2010 წლიდან 2023 წლამდე უკრაინაში ომს ელოდებოდით?“, – მიმართა გიორგი ტყემალაძემ კოლეგებს.

მისი თქმით, სავალალო ის არის, რომ ეს მათი პოლიტიკაა, დღეს სჭირდებათ და ასე საუბრობენ და მაშინ არ სჭირდებოდათ და შესაბამისად არც საუბრობდნენ ამაზე.

„თუ ამ საკითხის დაყენება გსურთ, საუბარი უნდა დაიწყოთ სხვანაირად, კერძოდ, უნდა თქვათ, რომ ეს აბრა ამ შენობაზე არის 2010 წლიდან, ჩვენ, ამდენი ხანი რომ არ გავაპროტესტეთ ამისთვის ვიხდით ბოდიშს და დღეს გვინდა, რომ ეს საკითხი დავაყენოთ. ასე ამ საკითხის დაყენება მისაღებია, მაგრამ აღშფოთებული ტონით ამ თემაზე საუბრის უფლება თქვენ არ გაქვთ“,– განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.