საკონსტიტუციო სასამართლოში ხმაური იყო – დეტალები

10
spot_img

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საჩივარი განიხილება, ცოტა ხნის წინ მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის წერილი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებს უწევს დახმარებას.

წერილში აღნიშნული იყო, რომ მისი ორგანიზაცია ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას, რადგან იმ პირებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, არ სურთ, მათი პერსონალური მონაცემები გახდეს საჯარო, ვინაიდან, როგორც წერილში ეწერა, მათ მიმართ სხვადასხვა საფრთხე არსებობს.

აღნიშნული საკითხი მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს შორის დავის საგანი გახდა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, თუ რატომ უნდა მიეცეთ საშუალება ორგანიზაციებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება თავისუფლად გაუწიონ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა კი ბურჯანაძეს უპასუხა, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველ ჯარისკაცებს ცხინვალის დაბომბვაში სდებენ ბრალს.

„ბატონ ბექას (ძამაშვილი) რამდენიმე დღის წინ გაკრიტიკებული ჰყავდა არასამთავრობო ორგანიზაციები ფეისბუკ-პოსტში იმის გამო, რომ ისინი იცავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების უფლებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ უფლება, ითანამშრომლონ კონფლიქტის ზონაში მყოფ პირებთან. აქ არის მნიშვნელოვანი ნდობა და მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოსთან. მშვიდობის აღდგენის პროცესები სწორედ ამას გულისხმობს, ასეთი ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული. ზოგჯერ, კონფლიქტის ზონაში მყოფ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ წუხილი, რომ ეს ინფორმაცია სახელმწიფოს ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ორგანიზაციები საქართველოს სახელმწიფოსთან მშვენივრად თანამშრომლობენ, სახელმწიფოს ასეთ ორგანიზაციებთან ძალიან კარგი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებს ჰქონდეთ საშუალება, განახორციელონ ის პროექტები, რომელსაც წლებია, ახორციელებენ. ეს ღონისძიებები გულისხმობს იმას, რომ, შეიძლება, მათ ნდობა არ ჰქონდეთ საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიმართ,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

„ცხინვალის დაბომბვის დაბრალებით უნდა აღადგინოთ ნდობა ამ ადამიანებთან? რას ითხოვთ სასამართლოსგან, თქვენ მიგაჩნიათ, რომ ცხინვალი ქართველმა ჯარისკაცებმა დაბომბეს? ქვეყნის ინტერესებით ნუ ითამაშებთ, ძალიან გთხოვთ და სუვერენიტეტს ნუ შეეხებით! ცხინვალის დაბომბვას რომ დააბრალებთ ჩვენს ჯარისკაცებს, ეგ არის ძალიან წითელი ხაზი!“ – მიმართა ძამაშვილმა ბურჯანაძეს.

კამათში მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების წარმომადგენლები ერთდროულად ჩაერთნენ.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ქართველ ჯარისკაცებს ცხინვალის დაბომბვა დააბრალა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რომ დააბრალებს ცხინვალის დაბომბვას, ეს არის წითელი ხაზი და ამ ხაზს ნუღარ გადახვალთ. თქვენ განიხილავთ საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს ქართული სახელმწიფოს მიღმა?“ – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

„ძალიან სამარცხვინო ამბავია, რასაც ახლა განიხილავთ. რუსეთისთვის ქვეყნის გადაბარება არის სამარცხვინო, რასაც ახლა ხელს აწერთ ამ კანონით! ეს არის სამარცხვინო და ქვეყნის ღალატი!“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.