
“ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის, ასევე, ამ პარტიის წარდგენით არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადების შემჭიდროებას გეგმავს.
შესაბამისი ცვლილებები “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.
“ქართული ოცნების“ კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას გაიმეორებს.
სწორედ აღნიშნულ ინიციატივას ერთვის თან “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიღებით შედეგად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადები მჭიდროვდება.
კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეს.