სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების საქმეზე ორი პირი დააკავა

8
spot_img

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს წარედგინება ბრალდება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას.

„კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ბრიფინგის დაწყებამდე მედიასაშუალებებს მივაწოდეთ ფოტომასალა, სადაც ასახულია რა შედეგები მოჰყვება მსგავსი დანაშაულების ჩადენას, რაც არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ვინმეს ეპატიოს.

შესაბამისად, ხსენებულ და სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება დანაშაულებში თანამონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და კორუფციული ფაქტების პრევენციის მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლინებას მომავალ პერიოდში ექნება შეუქცევადი ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.