სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები-მამუკა მდინარაძე

15
spot_img

ნამდვილად არ არის დასამალი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, იმდენად მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, ყველა საქალაქო სამსახური ჩართულია, რომ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

„თავდაცვის ძალების დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან, სადაც კი შესაძლებლობა აქვთ. არის ადგილები, სადაც ყველაზე მაღალი გამავლობის ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. ამ წუთამდე ცდილობენ, მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. იმდენად დიდი თოვლია, სხვაგან გადატანის საჭიროება დადგა. სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და მას ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს. ძალიან ცუდია ისიც, რომ არ წყდება სპეკულაციები. ჩვენ გუშინ დაგვეღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში გარდაიცვალა 106 წლის ქალბატონი და ამაზე წერდნენ, რომ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს, გარდაიცვალა სტიქიის გამოო. წარმოიდგინეთ 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებასაც აწერდნენ სტიქიას. ამ ხალხს კიდევ დაპანიკება უნდა?! ცოტა ხანს მაინც გაჩერდნენ, რომ ზედმეტი პანიკა არ შექმნან. ისედაც რთული ვითარებაა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ დაეხმაროს ადამიანებს.

„მავნებლობას 2-3 დღით მაინც დაანებონ თავი და 106 წლის ქალბატონის გარდაცვალებას მაინც ნუ მიაწერენ სტიქიას, ნუ დააპანიკებენ დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან დახმარებას სახელმწიფოსგან. ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც კი ოდნავ მაინც, თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია. მიდიან ოჯახებში და ცდილობენ რაღაცნაირად გაკვალონ გზა, შექმნან კვალი, რომ მივიდნენ, დაეხმარონ ოჯახებს. მათ შორის არის ასევე სურსათით დახმარების საჭიროება“, – განაცხადა მდინარაძემ.