სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით პროექტის განსახორციელებლად, თუმცა ვერც ერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება-პრემიერი

11
spot_img

სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაშინგტონის არბიტრაჟში ანაკლიის პორტის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის საქართველოს გამარჯვებით დასრულებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნაცვლად ინვესტორის მოძიებისა, მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დავა და სცადეს ხალხის ფულის უსამართლოდ მითვისება.

„ძალიან მარტივადაა საქმე. სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ, ყველა პირობა შევუქმენით ჩვენ, კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი იმისთვის, რომ ამ პროექტის განხორციელება გამხდარიყო შესაძლებელი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი მათ ვერ მოიზიდეს. ამის სანაცვლოდ, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს, რომ ხალხის ფული, ბიუჯეტის ფული წაეღოთ უსამართლოდ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება და არბიტრაჟმა მიიღო ზუსტად ის გადაწყვეტილება, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. ჩვენ შევუქმენით ყველა პირობა კონსორციუმს იმისთვის, რომ მოეზიდათ ინვესტორი, თუმცა სწორედ მათ ჩააგდეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, არბიტრაჟმა მიიღო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.