აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა რეკომენდაციები ამერიკელებისთვის, რომლებიც ბელარუსში მოგზაურობას გეგმავენ. ამის შესახებ რამდენიმე რუსულმა მედიასაშუალებამ დაწერა. თავად ახალი რეკომენდაციები სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ხუთი დღით ადრე გამოჩნდა.
„ბელარუსის ხელისუფლების მიერ ადგილობრივი კანონების თვითნებური აღსრულების, დაკავების რისკის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის გაგრძელების, ასევე რეგიონში გაზრდილი არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, არ იმოგზაუროთ ბელარუსში“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
აშშ-ის ხელისუფლების რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ამჟამად ბელარუსში იმყოფებიან, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. ხოლო მათ, ვისაც საკონსულო მომსახურება სჭირდებათ, უნდა დაუკავშირდნენ აშშ-ის წარმომადგენლობას სხვა ქვეყანაში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მინსკში აშშ-ს საელჩოს მუშაობა 2022 წლის 28 თებერვალს შეაჩერა – უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ოთხი დღის შემდეგ, და სწორედ მაშინ პირველად მოუწოდა ამერიკელებს ამ ქვეყნის დატოვებისკენ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ 16 დეკემბერს გააფართოვა სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებულ რეპრესიებთან. შავ სიაში შეიყვანეს 26 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი.
სადამსჯელო ზომები შეეხო მოსამართლეებს, რომლებმაც გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს პოლიტიკურ საქმეებზე ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღვანელების მიმართ, სადაც ევროკავშირის განცხადებით, „პოლიტპატიმრები იმყოფებიან არაადამიანურ პირობებში და ექვემდებარებიან მიუღებელ ქმედებებს“.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ კომპანიების მფლობელებსა და ხელმძღვანელებს, რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან სხვადასხვა პრივილეგიებისა და შეღავათების ხარჯზე, ასევე ხელს უწყობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. სულ ბელარუსის მიმართ ევროკავშირის სადამსჯელო ზომები შემოღებულია 287 ფიზიკური და 39 იურიდიული პირის მიმართ.