
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აშშ-ში, სახაზინო დეპარტამენტში გამართული შეხვედრა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი საკითხი სანქციების ნაწილი იყო.
„სახაზინო დეპარტამენტს ფინანსთა სამინისტროსთან საკმაოდ დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. ეს არის ფართო ჩამონათვალი საკითხებისა, რომელზეც ჩვენ ვთანამშრომლობთ. შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის პრიორიტეტული საკითხი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საქართველოსა და აშშ-ს შორის პოზიციების კიდევ უფრო მეტად დაახლოება, რომელიც ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში არის განახლების პროცესში.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, რასაც შეეხება განახლება. დადასტურდა ის, რომ საქართველოს პრიორიტეტები სრულად თანხვედრაშია ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი საკითხი იყო სანქციების ნაწილი, ამ მიმართულებითაც ფინანსთა სამინისტრო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს. სანქციებთან მიმართებაში შევეხეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას. ცალსახად აღინიშნა საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი რეგიონში საერთაშორიოს სანქციების აღსრულებასთან მიმართებაში, რომელზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ძალიან დიდი წარმატება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.