სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლებაში, ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი მშვიდობიანად განაგრძონ

1
spot_img

საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

„განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების დიდი კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.