![ლევან იოსელიანი](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2023/08/levan-ioseliani-1068x624.jpg)
სახალხო დამცველი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით.
„მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და რეაგირებას კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს.
ასევე, როგორც აპარატისთვის არის ცნობილი, პატიმრის ოჯახის წევრები მიუთითებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის კლინიკაში მოთავსების თაობაზე ინფორმაცია მათ დაგვიანებით მიაწოდა. სახალხო დამცველის აპარატი მოცემულ საკითხსაც შეისწავლის.
ამასთან, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წარსულში სახალხო დამცველი პერიოდულად სწავლობდა პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების მომართვებს და განხორციელებული რეაგირებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე ატყობინებდა განმცხადებლებს“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.